თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი – „საქართველოს სინფონიეტა“ 2008 წელს დაარსდა. მისი რეპერტუარი მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყანაში.
2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. 2015 წელს ორკესტრმა დააფუძნა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება და უკვე დიდი პოპულარობით სარგებლობს, როგორც საქართველოში, ასევე მის ფარგლებს გარეთ.
თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა „საქართველოს სინფონიეტა“ კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში როგორიც არის ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: „შემოდგომის თბილისი“, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, „საახალწლო მუსიკალური შეხვედრები“, იმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი (გერმანია), გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალი“ (პოლონეთი) და სხვა. „საქართველოს სინფონიეტა“ თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან და ანსამბლებთან, მათ შორის: ჟორდი სავალი, სერჯო აცოლინი, ჰაინც ჰოლიგერი, ფრანსუა ლელუ, ლიზა ბათიაშვილი, ელისო ვირსალაძე, ანსამბლი “Zefiro”, ბერლინის ძველი მუსიკის აკადემია (AKAMUS) და სხვა.
„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები გადაიცემოდა ტელეარხზე „MEZZO”, „ARTE” და სხვა. ორკესტრს ჩაწერილი აქვს 10 კომპაქტ დისკი, რომელიც ბაროკოდან დაწყებული თანამედროვე კომპოზიტორების ჩათვლით ყველა ეპოქის მუსიკას მოიცავს.
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “ საქართელოს სინფონიეტა”