ჩვენ შესახებ

თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი - “საქართველოს სინფონიეტა” 2008 წელს დაარსდა. მისი რეპერტუარი  მრავალფეროვანია და მოიცავს სხვადასხვა ეპოქის მუსიკალურ ნაწარმოებებს. ორკესტრის კონცერტები იმართება როგორც საქართველოში ასევე ევროპის სხვადასხვა ქვეყნაში. კლასიკური მუსიკის პოპულარიზაციისთვის ხშირად იმართება „საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტები საქართველოს სხვადასხვა რეგიონში, რამაც მცირე დროის მიუხედავად, უკვე გამოიღო შედეგები.

თბილისის საკონცერტო დარბაზების გარდა საქართველოს სინფონიეტა კონცერტებს მართავს ისეთ შესანიშნავ დარბაზებში როგორიც არის ბერლინის კონცერტჰაუსი, ამსტერდამის კონცერტგებაუ, მიუნჰენის კონსერვატორიის დიდი საკონცერტო დარბაზი და სხვა. ორკესტრი რეგულარულად მონაწილეობს ფესტივალებში: „შემოდგომის თბილისი“, თბილისის ჩასაბერ საკრავთა ფესტივალი, თბილისის კამერული მუსიკის ფესტივალი, თელავის საერთაშორისო მუსიკის ფესტივალი, გუთიმლინგის საოპერო მუსიკის ფესტივალი (გერმანია), გდანსკის „გოლდბერგის ფესტივალი“ (პოლონეთი) და სხვა.

2012 წელს ორკესტრმა შეიძინა ბაროკოს ეპოქის მუსიკალური ინსტრუმენტები და გახდა პირველი ბაროკოს ორკესტრი კავკასიაში. „საქართველოს სინფონიეტა“ სისტემატიურად თანამშრომლობს მსოფლიოს საუკეთესო მუსიკოსებთან: ი. სავალი, ქ. ბუში, ქ. მაიერი, ს. აზოლინი, ჟ. რონდო, დ. ამადიო, კ. ფონ კერსენბროკი და სხვა მრავალი.

2018 წლის 17 აგვისტოს, ფრანქფურტის წიგნის ბაზრობის ფარგლებში, ფესტივალ „Young Euro Classic”-ის ორგანიზებით, ბერლინის Konzerthaus-ში კამერული და ელექტრონული მუსიკის კონცერტი გაიმართა, სადაც „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ: დუდანა მაზმანიშვილი (ფორტეპიანო), ქრისტიან იარვი (დირიჟორი) და DJ ირაკლი კიზირია.

2018 წლის 7 სექტემბერს, საერთაშორისო მუსიკალური ფესტივალი "შემოდგომის თბილისი" "საქართველოს სინფონიეტას" 10 წლის საიუბილეო თარიღისადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნა. „საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად მონაწილეობდნენ მსოფლიოს აკადემიური სცენის ვარსკვლავები და ძველი მუსიკის საუკეთესო სპეციალისტები: მარკ ჰანტაი (ფლეიტა), ი-ფენ ჩენ (ფლეიტა), პატრიკ ბოგირო (ჰობოი), ალესანდრო პიკე (ჰობოი), ჟოაკიმ გუერა (ფაგოტი), ჯოზეფ მარია მარტი (თეორბო), ბალაჟ მატე (ჩელო), თეონა გუბა-ჩხეიძე (ვიოლინო), დანიელ გარაი (დასარტყამი ინსტრუმენტები), ხოლო დირიჟორი გახლდათ მსოფლიოში აღიარებული მუსიკოსი იორდი სავალი.

მუსიკოსები

მხარდამჭერები

ქართული