მარია ბუენოს-აირესიდან
მუსიკა: ასტორ პიაცოლა
ტექსტი: ორასიო ფერერი
მთარგმნელის წინასიტყვაობა:
„მარია ბუენოს-აირესიდან“ პირველად 1968 წელს დაიდგა. იგი შესრულებული იყო თვისობრივად ახალი ჟანრის, „ოპერა-ტანგოს“ სტილში, რის გამოც, თავიდანვე პოპულარული არ გამხდარა. ესაა ისტორია ბუენოს-აირესის გარეუბანში დაბადებული გოგოს ცხოვრების, სიკვდილის და მკვდრეთით აღდგომისა. 17 სხვადასხვა სცენა გვიამბობს მარიას ცხოვრებას სხვადასხვა ეტაპებზე. ოპერა სავსეა სიმბოლიზმით, შეიცავს ბიბლიურ პარალელებსა და მინიშნებებს. პირველივე თავში, დუენდე ანუ დემონი[1], ხალხს აუწყებს, რომ მარია მოკლეს. შიშობს რა, რომ მისი სახელი დავიწყებას მიეცემა, იწყებს მისი ამბის თხრობას: როგორ გაჩნდა მარია, როგორ გახდა მეძავი, როგორ მოკლეს იგი ადამიანებმა, რომელთაც მისი დაუფლება სურდათ, თუმც, საწადელს ვერ მიაღწიეს.
იდუმალებით მოცულია ანტაგონისტი. მისი სახელი მთელი დადგმის განმავლობაში იცვლება: მესამე სცენაში იგი „პაიადორია“ (ქუჩის მომღერალი), მეხუთე თავში „ბუენოსაირესელი მთვლემარე ბეღურა“[2], მერვე თავში „უხუცესი ქურდი“, მეცამეტეში „პირველი ანალიტიკოსი“, მეჩვიდმეტეში – „ხმა იმ კვირა დღისა“. ესაა პერსონაჟი, რომელიც თავდაპირველ ვერსიაში, მამაკაცის ხმისთვის შეიქმნა. ყოველ გამოჩენაზე, იგი იცვლის გარეგნობას, მაგრამ მისი ზნე და ხასიათი უცვლელია. ანტაგონისტი დასცინის მარიას მდაბიო წარმოშობას, აქილიკებს დუენდეს და რადგან ვერ ახერხებს მარიას მოტყუებას, მას კლავს. როცა მარია აჩრდილად იქცევა, ანტაგონისტი აგრძელებს დაცინვას, მარიას გაცოცხლებისთანავე კი მაგიურ ძალებს კარგავს. ანტაგონისტი – ეშმაკის განსახიერება, ქალაქის მაცხოვრებლებს შორის ინიღბება. ამიტომ, სიუჟეტის დანარჩენი გმირები ადვილად ტყუვდებიან და საშიშ პერსონაჟს ემორჩილებიან. ეშმა მარიას ხრიკების მეშვეობით კლავს და მთელი სპექტაკლის განმავლობაში, თავს გამარჯვებულად მიიჩნევს.
როგორც კი მარია კვდება (მეცხრე სცენაში), მაშინვე ჩნდება მისი აჩრდილი, რომელსაც აღარ ახსოვს, ვინაა და რა დამართვნია: იგი უმიზნოდ დაბორიალობს სევდიან, სასიკვდილო ქალაქში. ეშმაკი, რომელსაც ჰგონია, გაიმარჯვა და მარიას აჩრდილი განწირულია მარადიული ხეტიალისთვის, შეცდომას უშვებს, როცა ერთ-ერთ სცენაში ქალს მეტისმეტად ბევრ მინიშნებას მისცემს, რითაც ამ უკანასკნელს ახსენდება, თუ ვინ იყო. მარიას აგონდება, რომ მოკლეს და ეს მოგონება მას აამღერებს. ბოლო სცენებში, დუენდეს წყალობით, სასწაულებრივი ჩასახვის შემდეგ, მარია შობს ახალ მარიას. ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, ბოლო სცენა მინიშნებაა ქრისტესა და მარიამ ღვთისმშობელზე.
ამავდროულად, „მარია ბუენოს-აირესიდან“ ტანგოს ისტორიაცაა: თუ როგორ იშვა ტანგო ბუენოს-აირესის გარეუბნებში, როგორ დაიპყრო მან ბორდელები, კაბარეები, ქალაქების ცენტრები, ჟამთა სვლასთან ერთად, როგორ ამოწურა საკუთარი თავი და როგორ იშვა ხელახლა, როგორც ჟანრი.[3]
საინტერესოა, რომ ტექსტის ავტორი, ორასიო ფერერი მრავალგზის გახდა კრიტიკის საგანი უაღრესად პოეტური, ჩახლართული და რთულად აღსაქმელი შინაარსისთვის, რაზეც იგი ინტერვიუში განმარტავდა: „ეს ტანგო იმისთვის დაიწერა, რომ მას ჰქონოდა არა გასაგები ტექსტი, არამედ შეექმნა ატმოსფერო და მოეტანა ემოცია“. ინტერვიუებში, იგი ღიად აცხადებდა რომ ბევრი სიტყვათშეხამება, ერთი შეხედვით, უცნაური და აზრს მოკლებული, მიზნად ისახავდა მხოლოდ რიტმის და მელოდიის შენარჩუნებას. ფერერი იმასაც ამბობდა, რომ მარია თავად ბუენოს-აირესის განსახიერებაა, თუმცა, ცხადია, უფრო ღრმად თუ ჩავწვდებით საკითხს, მარიას მხოლოდ ამ ჩარჩოებში მოქცევა არასწორია.
ოპერეტის პირველი ნახევარი სააღდგომო ხატებებით არის სავსე, ამბავი ვითარდება ისე, რომ მოსალოდნელია მარიას სიკვდილი. მეორე ნახევარი გვიამბობს, უკვე ჯოჯოხეთში მოხვედრილ მარიაზე, რომლისთვისაც ეს ჯოჯოხეთი ქალაქში ხეტიალია. ბოლო ნაწილში ახლოვდება ჟამი აღდგომის, გამოცხადების და სასწაულებრივი შობისა – დაბადება ახალი მარიასი, რასაც საშობაო ზარების რეკვა თან ახლავს.
სცენა N1
ალევარე[4]
ელ დუენდე /რეჩიტატივი/
რადგან აწ უკვე დროა და შავ ძაღლყურძენას
შენს სიჩუმეში უთენებია, ამ ასფალტის ნასვრეტიდან
შენს ხმას მოვიხმობ.. რადგან აწ უკვე დროა.
რადგანაც ახლა, როს უკვე მოკვდი სამარადჟამოდ,
შენთვის აბამენ ფერხულს ჩემი ქერა კუდიანები,
ალიონზე რომ იმღერონ ტანგო,
მხურვალე მესად, თავის ზანტი, მეძავური კონტრალტოებით…
რადგანაც ახლა სიყვარული შენი წყალს გაჰყვა და მოუქნელად,
უცნაურ, საზარელ თაღად ამოღამებულ თვალებით,
შენი შუბლის წყვდიადში ამოიწვა ჯვარი ღვინისფრად[5].
რადგანაც ახლა უზნეო, მეკობრულ დაძაბულობით,
გაწაფულ კლავისინზე შენი ძვლებით უკრავენ
კაენისა და როსკიპი ქალის ღამენათევი ხელნი.
რადგანაც ახლა ღვარძლი – ბრაზით და ერთპესოიან დენთით,
ნაკეცებიან ბანდონეონში ისვრის მომნუსხველ, მინორულ ტონს,
და მოაქვს კოცნანი შენნი.
რადგანაც ახლა არარა ხარ, ბავშვო მარია,
შენი ბანდონეონისებრ ხმის ერთ მუჭას, ყელს ჯერ კიდევ რომ გიწვავს,
ცოტას ჩემსასაც შევურევ მარია,
მოგონებების ნალექს, შავ, ხმის ჩამხლეჩ ფიატოს[6] და რუხ ბურდონს[7].
ასე, ამგვარად, შენი გამოთხოვების ბუენოსაირესულ გარეუბანთა სიღრმით,
სიკვდილის უბრალო საზღვრების კვეთით, მე შენს ბნელ სიმღერას მოვიტან.
იქნება იგი უფალივით ხანდაზმული და ექნება ორი უძველესი იარა[8]:
მარჯვნივ სიძულვილი, მარცხნივ – სიფაქიზე: მეტად ძლიერი.
ტკბილია აჩრდილისებრ ექონი, მომავალ მარიანი,
სანტა-ფეს გავლით, სხვა განთიადისკენ მიმავალნი[9],
ცახცახით აჩქარდებიან და არ ეცოდინებათ, თუ რად ჩქარობენ…
აწ უკვე დროა. შავი კვამლი და ძაღლყურძენა..
ცვრის საბურველი, აწი შენი ხმა – მარიასებრად – ახლა და აქ,
უღონო და ერთადერთი,
შენს მოგონებებთან ერთად მოვა.
აწ შენი დროა: მარია – ბუენოს-აირესიდან.
სცენა N2
მარიას თემა (ინსტრუმენტალი)
მარია ეხმიანება მოწოდებას და ჩნდება განსხეულებული, მღერის რა ტანგოს – „მარიას თემა“. ტანგო მარიას ენაა, აქ სიმღერას ტექსტი არ აქვს.
სცენა N3
კოჭლი[10] ბალადა შეშლილი ორღანისთვის
პაიადორის[11] ხმა (მღერის)
უიღბლო პატარა პიანინოვ,
ამბებს რომ ფქვავ… აბა, ვნახოთ!
ნამდვილ ვალსს თუ უჩვენებს კოჭლი კაცი
გოგოს, ვისი შემჩნევაც არავის უნდა!
მისტერიიდან[12] დაბრუნებული კაცების ხმა /რეჩიტატივი/
დაე, ეშმაკმა დაისველოს კოჭლი ფეხი გარნაჩის [13] ღვინოში,
როცა რამეს ფქვავს.
პაიადორის ხმა (მღერის)
დრო გამოაჩენს ნამდვილ ზრახვებს,
თუმც მის დანახვა არავისა სურს!
დუენდე /რეჩიტატივი/
იგი[14] მოვიდა გარეუბნების იმ განზომილებიდან, სადაც იმედს სწვდება ღობე და გზა; ზარი, სამი ვარსკვლავი, ამოღამებულ თვალი მოჩრდილულ აივანზე, გოლი[15], მოედანი… დილის წირვების ზანტი მზე, მაცხოვრებლები და ქედნები… ვიღაც ბიჭები კაბებს აყოლილნი; ბაქანი – სხვა კვამლით, სხვა დარდით და სხვა მომლოდინე მატარებლით. ცხრაგზის ლოცვა, მეძავი, მაღაზია.
პაიადორის ხმა (მღერის)
პატარა გოგო ისეთ დღეს იშვა, ღმერთი რომ იყო მთვრალი:
და ამიტომაც, მის ხმაში ტკივილად ჟღერდა
დაგრეხილი, სამი სამსჭვალი[16]…
დაბადებისას, უშვერი სიტყვა ახლდა გოგოს ხმას![17]
მისტერიიდან[18] დაბრუნებული კაცების ხმა /რეჩიტატივი/
სამი დაგრეხილი სამსჭვალი იმ დღეს,
ღმერთი რომ დათარსულ იყო.
პაიადორის ხმა (მღერის)
სამი შავი სამსჭვალი …. იმ დღეს,
ღმერთი კალის რომ იყო.
დუენდე /რეჩიტატივი/
და ორმა მფარველმა ანგელოზმა, ორმა უცნაურ მტრედმა,
გაშლილ მდინარის პირას მსწრაფლ რომ დადიოდნენ,
ზურგზე შესმული მოიყვანეს პატარა, მტირალი გოგო.
უკანასკნელი კედლის[19] მუქ კირზე, თუნუქის ფრთების მწუხარე კეცვით,
მისი სახელი ამოტვიფრეს: „მარია, მუქი ტყვიებით“[20].
დღენი მისნი ქვიშისა და სიცივისგან ძერწეს, რარიგ ძნელნი!
და მდინარის სხვა ნაპირს, სადაც იგი არაფერს ერწყმის,
პატარა მარია შვიდ დღეში გაიზარდა.
პაიადორის ხმა (მღერის)
უიღბლო საპადავ[21],
იღბლიანო და ჭეშმარიტო მილონგავ[22],
როს ავი ბედის მქონე ბურდონი,
არც დაგტიროდა, არცა გყვარობდა
შენს მარტოობას კი დამღეროდა.
მისტერიიდან[23] დაბრუნებული კაცების ხმა /რეჩიტატივი/
პატარა გოგოვ… რა მძიმეა ხვედრი
სრული სიმართლის ცოდნის!
პაიადორის ხმა (მღერის)
სიკვდილის საპადა
მის მარტოობაზე მღეროდა.
დუენდე /რეჩიტატივი/
მსგავსად ამ ქალაქის, გლოვის და ლხინის,
მარია – გატაცებული უმსგავს, ატეხილ კუდიანთაგან,
ამ სიცოცხლეს რომ მიაგორებენ,
ცოტათი ჰგავდა შეშლილ ღამეს
თვითმკვლელი ბანქოს ჩამორიგებას[24],
მარტოობასთან წაგებულ ამაო ნიძლავს[25].
ის იყო ლექსი – პირველივე კრახის კართან
აჩემებული ბრაზის,
და ცალთვალა ვარდი კოჭლი ჯამბაზის.
ქალღმერთი და ბოგანო, ზეცის და წუმპის,
ეს ყველაფერი მახე იყო.
შეკრული თმებით, ალიონზე ერთად მიდიან
წილი უფსკრულის და წილი პურის[26].
პაიადორის ხმა (მღერის)
უბნის შავკაპიუშონიანი ბებერი ქალი-ჰარპიები[27]
ვით უზნეო ევქარისტიას,
მარიასთვის ლოცულობენ ჯვართან,
ლუნფარდოს ენით.
მისტერიიდან დაბრუნებული კაცების ხმა /რეჩიტატივი/
იქ, უბანში, შენს ჯვარს სახელი დაერქვა, მარია[28]!
პაიადორის ხმა (მღერის)
წინასწარმეტყველო მარია,
ორი ტანგო იქცევა შენს ჯვარად.
დუენდე /რეჩიტატივი/
მაგრამ ის ხალხი, მოუხეშავი ოსტატნი ჩემი სევდისა,
მათი სახელის შესაფერად, მკლავთა უხმოდ აკაპიწება რომ უწყიან,
თავისებურად, ასე ზანტად, ასე დინჯად, ქცეულან მისტერიებად
როცა დუქნებში ოთახს ავსებს დარდიანი კანინგეს[29] ცეკვა – და მოუხმობენ ისინი ძველ ტანგოთა მოგონებების აჩრდილს, იმ ტანგოების, რომელიც იყო, მაგრამ ჯერ არ არსებობს[30].
პაიადორის ხმა (მღერის)
ნაღვლიანო მარია ბუენოს-აირესიდან..
დუენდე /რეჩიტატივი/
მივიწყებულ ხარ სხვა ქალებს შორის..
სცენა N 4
მე ვარ მარია
მარია (მღერის):
მე ვარ მარია, ბუენოს-აირესიდან!
მარია, ბუენოს-აირესიდან! ვერ ხედავთ ვინ ვარ?
მარია – ტანგო, მარია ჯურღმულებიდან[31],
ღამის მარია, მარია- საბედისწერო ვნება!
მარია სიყვარულისა! მე ვარ ბუენოს-აირესიდან!
მე ვარ მარია, ბუენოს-აირესიდან,
და თუ უბანში ხალხი კითხულობს, მე ვინ ვარ
მალე, ეს ძალიან კარგად ეცოდინებათ
მდედრებს რომელთაც ჩემი შეშურდებათ,
და ყოველი კაცი, განერთხმება ჩემს ფეხთ,
ვითარცა თაგვი, გაბმული ჩემს მახეში!
მე ვარ მარია ბუენოს-აირესიდან!
თანაც, ყველაზე გრძნეული ვარ სიმღერასა და სიყვარულში!
თუკი ბანდონეონი გამომიწვევს… ტი არა ტატა!
პირს ძლიერ მოვაკვნეტ, ტი არა ტატა!
ათიოდ[32] გულიან კრუნჩხვით, ჩემში რომ არის!
სულ ვეუბნები ჩემს თავს, „მიდი, მარია!“
როს მისტერია შეეპარება ჩემს ხმას!
და ვმღერი ტანგოს, აქამდე არვის რომ უმღერია
ვოცნებობ ისე, არავის რომ უოცნებია
რადგანაც ხვალ – დამდგარა დღეს,
და მოსდევს მას გუშინდელი, ჩე[33]![34]
მე ვარ მარია, ბუენოს-აირესიდან!
მარია, ბუენოს-აირესიდან! მე ვარ ჩემი ქალაქი!
მარია- ტანგო, მარია ჯურღმულებიდან,
ღამის მარია, მარია-საბედისწერო ვნება!
მარია სიყვარულისა! მე ვარ ბუენოს-აირესიდან!
სცენა 5
კარიეგოსეული[35] მილონგა გოგონა-მარიასგან
მთვლემარე ბუენოსაირესელი ბეღურა (მღერის)
ჩემი გოგონას თვალებში
ყველა სხვა დარდის საპირწონედ,
ჩაბუდებულა ბნელი ნოსტალგია
ჯერ არ მომხდარი ამბების!
ქუჩამ სიძულვილის ბანქო გაუშალა,
დიდად დაღდასმული,
დედა სიზარმაცეს ქსოვდა
მამა – მარცხს უყრიდა თავს!
ტანგოს ძველ, სევდიანი ბარი
ბუენოს-აირესის ლუნფარდოს ბლუზით,
მარიას აძლევს რა ვიცი რას,
რაღაცა სხვას კი ზურგს მისი კატის.[36]
(რეჩიტატივი)
ბოხია მისი ხმა; თეძო,
გაშლილი თმა, მკერდი – კი შავი[37],
და ოცი მაჩოს მწველი სურვილი
ქალის ზურგს უკან აკიდებია!
(მღერის)
გვიანი ღამით, როცა წვიმა ცრის,
მუდამ ერთგვარად – სულ მის ეზოში,
მიწისქვეშეთის პირიდან
ჯადოსნურ ტანგოს უამბობენ მას!
სამხრეთის შვიდ ქარს სამოცდაათჯერ[38]
აუწევია მარია მაღლა,
მხოლოდ ჩემს ხმაზე მოაბრუნებს იგი
თავის კანს, ვარდის ფერს, თავის წლებს.
მარია (მღერის)
მთვლემარე ბუენოსაირესელო ბეღურავ,
შენ ვერასოდეს ვერ დამეწევი,
მე ვარ ვარდივით, რომ არა ჰყვარობს,
აწ ვერასოდეს ვერ დამეწევი.
მთვლემარე ბუენოსაირესელი ბეღურა (მღერის)
შენ ღამით წახვალ, მარია,
ამ ბუენოსაირესული სახლიდან,
გაშლილ ნაწნავით,
აუხდენელ ოცნებასთან ერთად.
და ნაცრისფერ მძღოლნი სატვირთოსი,
ბრაზს რომ აფრქვევენ ბაზარში,
დაწნავენ შენთვის ძირხვენის თაიგულს
და ჯაყვის იარათა გუნდს[39]!
და იმის იქეთ, ღამენათევ და ვისკგარეულ
სიღრმეთა მიღმა,
ორი ჰიპი დაჯღანულ წვერით,
ქალს შეურაცხყოფს სასწაულებრივ.
(რეჩიტატივი)
მანდრაგორასებრ[40] ქერა ქალები,
მულატის ზოდიაქოთი,
დაუტოვებენ ცამეტ[41] ნაკბენს
მას ხელისგულის ხაზებზე.
(მღერის)
და კოცნას მისას, რომელიც ოდნავ,
იყო ზაფრანის და გულგრილობის,
ექნება გემო საგაზეთო ამბის,
მსგავსი რამ ძარცვის!
მას მოჰპარავენ შვიდ განცვიფრებას
სამოცდაათჯერ,
დარჩება სამი: ერთი ჩემი
და თვალები მისი კატისა!
მარია (მღერის)
მთვლემარე ბუენოსაირესელო ბეღურავ,
შენ ვერასოდეს ვერ დამეწევი…
მთვლემარე ბუენოსაირესელი ბეღურა (მღერის)
ჩემს ხმას შეიგრძნობ სამარადჟამოდ,
ყველა სხვა ხმათა შორის…
სცენა N 6
ფუგა[42] და მისტერია
(ინსტრუმენტული)
მარია, როგორც ამას წინასწარმეტყველებდა მთვლემარე ბუენოსაირესელი ბეღურა, ღამე უბნიდან მიდის და ჩუმად, ტრანსში მყოფი, ქალაქს მოივლის.
სცენა N 7
ვალსად[43] შეთხზული პოემა
მარია (მღერის)
ბანდონეონმა, ჩემი სევდა რომ აღუწერია,
დღეს, ყელზე დამადგა თრთოლვა ორი რამისგან:
სამხრეთის გემო – მილონგიტათი აკანკალება
ხოლო მეორეს, მასზე უარესს – დაჰკრავს გემო ჩრდილოეთის[44],
არავინ რომ მღერის!
(რეჩიტატივი)
ბანდონეონისგან, მეძავთა ლანდის სუნი რომ ასდის,
მესმის სიმღერა ბორდელების მთავარანგელოზისა,
შვიდ ხმაში გაშლილი აკორდი ხრწნილი,
სულ შვიდ ხმად რომ ჟღერს, და სულ ჩემი როა!
(მღერის)
და თუ თვით სიკვდილს პირას, ასე აგზნებულ,
ჟინს დავიოკებ ცოტას, სხვადასხვა კაცთან,
რარიგ საგლოვი იქნება ის, რაც აღარ იქნება ჩემი გლოვა!
და რა იქნება ის ბუნდოვანი მახე, როს აღარ იქნება ჩემი!
(რეჩიტატივი)
და მე ვიქნები ფერფლის ნარჩენი – ტანგოდ ქცეული,
და სიყვარული სანახევრო, საბოლოოდ მე თვალს ჩამიკრავს,
და მაინც, ორი გროშის ფასად, სხვა ცხოვრებას მაინც ავაგიზგიზებ
მე ჩემი ლიფის მთვარეულ ნაკეცზე.
(მღერის)
ვიქნები უფრო ნაღვლიანი, მიგდებული და განძარცვული
ვით სასტიკი ტანგო, ჯერ არავინ რომ არ ყოფილა,
და გარდაცვლილი, მიმავალი არაფრისაკენ,
მე ღმერთს გადავცემ ასი მარიას სპაზმურ კრუნჩხვას..
(რეჩიტატივი)
ახალი ქარი, ქარების ვარდში
ჩემი წასვლისას ბანდონეონის ჰანგებს გაფანტავს.
ბანდონეონის სუნთქვას ერთი ტყვია აქვს
რომ დაიყვიროს ჩემი კვდომა ერთი გასროლის ხმაში.
სცენა N 8
მდაბიო ტოკატა
დუენდე (უმღერის ბანდონეონს)
შენი ნაკეცების იარებში, წვეთ-წვეთად იღვრებოდა
გლიცინიების საოცარი სახელი. და ნაოჭებს შენსას,
ექოს – ტანგოდ ქცეული ლოცვის,
ტვირთად ეკიდა სინაზე სასწაულისა…
რა თაღლითობაა ის ეკლები, რომლებიც ერთ დღეს,
გოლგოთაზე რომ შემოგვასაღე შენი გოდებით…
მე ვიცი, რომ შენს ხმებში, იდუმალსა და თავნებაში,
ენას გილესავს ეშმა, და რომ ხმები შენი,
მშფოთვარე ყივილია ურცხვი ზეთისა,
უბადრუკმა გოიამ საბურველზე რომ მიახატა,
იუდას, მეძავების და მამათმავლების ცრემლებთან ერთად.
მინახავს ბანდონეონთა უზნეო ხროვა,
შავ ფრთების ქნევა, ღილაკების აბრიალება,
თითქოს მაკუმბააო[45];
და იქვე, ბოროტი ბანქოს მეორე მხარეს,
მღვრიე, სპილოსძვლისფერი ღილაკებიდან
სისხლად იღვრებოდა პატარა გოგოს ხმა,
ყველასთვის ნაჩვენებ კოცნად![46]
სად დამარხე იგი? რა საზარელია! თუკი ის იყო
პატარა მისტერია, რომელიც მოგვცა მჭმუნვარე ღმერთმა,
საბრალო ბუენოარესელმა ღმერთმა, ვისაც თავისებურად უყვარდა.
გვიბოძა იგი რათა ყოველთვის, შიგნიდან ვეტანჯეთ კითხვას
შენ კი ის მოგვიკალ!
ახლა, ამ საათს – მახეების და წინასწარ ჭვრეტის,
ამბოხებული ანგელოზის უხმო თითები
ორი ხანჯლით დაგიკრავენ სოლოს,
ყოველი შენი დანაშაულისთვის.
ისკარიოტელის სოლოს, ციხის სვინგის[47] ანტიფონიას[48]
სანამ ორად არ გადმოაფურთხებ ორივე კლავიშს!
და მაშინ, კბილებს შორის გამოცრილ ლექსით,
ნაჯახის პირზე ალესილ ლექსით,
სრულად მწყურვალე, აკრძალულ ლექსით,
ტრიუმფალურად გადაგსერავ
ერთი მხრიდან მეორეზე,
რათა მოკვდე დარდიანი, ზეზეულად ყვიროდე და
ტანგოსგან თავბრუ გეხვეოდეს, უკვე დაღუპულს.
სცენა N 9
ბებერი ქურდების კანინგეური მისერერე[49]
უხუცესი ბებერი ქურდი (მღერის):
დღეს, როცა პოეტებს, ქურდებს და შლეგებს
კიდევ ერთხელ, თეთრი ყვავი მოსწყდება პირიდან:
დღეს, როცა ორი თვალი – ღრმა და გაშეშებული
სხვა სამყაროდან იმზირება სათამაშო კოჭების მიღმა..
დღეს, როცა მეწყვილის საძებრად საზარელ ბარებს მიაშურებს
დაღლილი, მანათობელ ფეხი ნეონის[50],
დღეს, როცა რაღაც კორტადოთი[51] მოსაწყენ ტანგოს
ითხოვს არლეკინი[52],
ვინც ნახა ბოლო ბაწრის[53] და შაქრის ნატეხზე[54] ჩაიძირა.
ბორდელის მეპატრონეთა ხმები (რეჩიტატივი):
ძველი კრეპების[55] ალმოდებული ნარჩენებით
ავაგიზგიზებთ ლამპრებს ბორდელების ბებერი მეპატრონენი..
ბებერი ქურდების ხმები (რეჩიტატივი):
ჩვენს, ბებერ ქურდთა ფრჩხილებს
ექნებათ წინაპართა ცრურწმენის ნიშნები[56]..
ბორდელის მეპატრონეთა ხმები(რეჩიტატივი) :
ბებერი მეპატრონენი ბორდელებისა, გავშლით სარეცელს,
მკერდში კი ჩაის ფოთლებს ჩავიწყობთ…
ბებერი ქურდების ხმები (რეჩიტატივი):
ცხვირზე წამოცმულ ლაქის ნიღბებით
წყვილ პალანკეტით[57] აღვავლენთ ლოცვას დილისას[58] …
ბორდელის მეპატრონეთა და ქურდების ხმები (რეჩიტატივი):
დღეს ხომ გოგო მოდის,
და გაიხარებს უიღბლობა, შავი ღვინო და რე მინორი…
უხუცესი ბებერი ქურდი (მღერის):
რადგან მარილით ასე დაიწერა
ამ ბუენოსაირესულ და მარტოსულ
კატაკომბის კედლებზე,
და შვიდი ბანდოლის ხმაზე[59]
აიხსნა მეშვიდე ბეჭედი ლუნფარდოსი და დაღვინების…
რადგანაც ის დღე, დაიწერა ტანგოთი
გარეთ კი არის მივიწყება, სამშაბათი, რიცხვი ცამეტი,
და სისხლიანი, შავი მამალი იყივლებს სამგზის
კანინგეურ აღდგომას – მარიას გამოცხადებას რომ მოასწავებს…
ბორდელის მეპატრონეთა ხმები (რეჩიტატივი):
აწ უკვე მოდის გოგონა, ამხედრებული თავის კატაზე,
უფსკრულისაკენ – მულატისებრ გზის ძიებაში…
უხუცესი ბებერი ქურდი (მღერის):
მისი მანათობელი თვალები,
საპყრობილის ხელბორკილებს ჰგვანან,
ქვებს შორის მორბენალს,
პატარა პოლარულ ავრორებს იმ რაღაცების,
მეტადრე ძველის, თხრილებში რომ ბინადრობენ..
მის შუბლზე ღამეები აკიაფებულა,
როგორც ნესტიან, დამტვერილი მონაზონნი,
რომლებიც მღერიან უხამს მილონგებს,
თავის ტკბილი, ჩუმი და უცნაურად
მხურვალე თვალის უპეებით.
ბებერი ქურდების ხმები (რეჩიტატივი):
გოგონა მოვიდა.. გოგონა წაიქცა;
ერთხმად ვიმღერებთ უარყოფის გასაღებში[60]…
უხუცესი ბებერი ქურდი (უმღერის მარიას)
დღეიდან, სამარადჟამოდ დამიწყევლია შენი აჩრდილი:
რათა იგი, ღმერთის ხელიდან გამოგლეჯილი, ტანჯვით
დაუბრუნდეს ასფალტს – დრამატული და მარტოსული,
და თან ათრიოს ცოდვანი შენნი, მეტად ქალური და მეტად ბნელი,
მზის შვიდი ჯაყვით სისხლ-მომდინარე…
ბორდელის მეპატრონეთა ხმები (რეჩიტატივი):
ქედანო მარიავ, მარია, შენს მუცელს
წამებულები ურცხვად შეუტევენ..
ბებერი ქურდების ხმები (რეჩიტატივი):
ერთპესოიანო მარია, რარიგ იცინი, მარია!
ხორცებს დაგაგლეჯს ორი ხელი ცარცისა..
ბორდელის მეპატრონეთა ხმები (რეჩიტატივი):
ვისკის მარია, მარია ყინულებით,
რა გემოს იგრძნობ დაბრუნებისას – მარია!
ბებერი ქურდების ხმები (რეჩიტატივი):
მარია – იარაღი, მარია – ამინ,
და საფეთქელზე დაგედება მეწამულ დაღი.
უხუცესი ბებერი ქურდი (უმღერის მარიას)
და აი, მიდის მარიას აჩრდილი სხვა ჯოჯოხეთში…
აქ მხოლოდ მისი ვარდისფერი სხეული დარჩა:
მასშია ყოველი ავი ამა სოფლისა, სრულად გაფურჩქნილ და გადახსნილი,
თუმცაღა გულმა უარი თქვა ყოფილიყო ამაზე გლახა…
ბორდელის მეპატრონეთა და ბებერი ქურდების ხმები (ერთხმად):
უხუცესო ბებერო ქურდო:
მისი გული… მკვდარია!
სცენა 10
სამგლოვიარო კონტრამილონგა[61]
მარიას პირველ სიკვდილზე
ელ დუენდე:
მარია ბუენოს-აირესიდან პირველად მოკვდა;
საღამო იყო – როცა დამარხეს… თავის მგლოვარე, დამანჭულ სახით,
დანით და ზანზალაკით;
განთიადს გულს დაადგა შეგრძნება ხრჩობის,
როდესაც გოგომ დაბლა მიანიშნა და
სანთლებისა და მაგნოლიების ქუჩას მიაშურა, როს
სიკვდილი და სიცივე უკვე ტანთ შემოსხმული ჰქონდა.
და იმ კუთხეში, სადაც ჯერ კიდევ,
ბებერი ქალები ნაღვლიანად ქსოვენ,
ორმა მალენა-ტანგომ, მრავალგზის მკვდარმა
ასწავლა გოგოს, თუ როგორ მოკვდეს.
იქაა მისტერია, თხოვნა შეწყალების,
უხამს ზარების – წმინდა მარტოობაში,
მტრედებიანი ეტლი გარშემორტყმულა
პატარა ქრისტეს, აცახცახებულ, თორმეტ იუდათი.
გოგონებმა, რომლებიც ფაბრიკებში,
ღამის სმენაში დაზგაზე ქსოვენ,
მარიას ზემოდან დააფინეს პოლიამიდის[62] ბეგონია
და პერკალის[63] ორქიდეა.
მკერდის ღარიდან მოუჩანდა შავი ნისლი,
შეკრული ბინძურ, სევდიან ლენტით,
რომელსაც ხსნიდა უცნაური ბეატლე[64] უხმოდ,
მისი ტვისტების იდუმალი მწუხარებიდან.
ო, როგორ მოკვდა გოგონა,
როდესაც კვდომა იწყო,
ის ტრაგიკული ორსული გახლდათ,
სავსე პატარა სიკვდილებით,
რომელთა შობაც არასოდეს შეუწყვიტავს!
რა დაგვემართა! ჩვენი მარია
პირველად მოკვდა…
იგი დამარხა ორმა მაწანწალა ქალმა,
ესპრესოს ნალექებისთვის,
ხურდაში მოტოვებულ ფულით;
მაგრამ იმ თავის ეულ, თარს კატაკომბში[65], ტლანქი
ახირების, ზეადამიანურ, გიჟურ ალერსის და
თვალებიდან წამსკდარ აფეთქების საპირისპიროდ,
მხოლოდღა ორი ტუშიანი ცრემლი ხვდა საფლავს..
მარიამ ბუენოს-აირესიდან,
პირველად იტირა…
სცენა N12
განთიადის ტანგატა[66]
(ინსტრუმენტალი)
მარიას ცხედარი უკვვე დამარხეს, იწყება მარიას აჩრდილის გრძელი via crucis[67]. მარიას გზააბნეული ლანდი უმიზნოდ დაეხეტება ბუენოს-აირესში.
სცენა N 13
წერილი ხეებს და ბუხრებს
მარიას აჩრდილი (რეჩიტატივი):
ბუენოს-აირესო, აპრილო მთელი ჩემი სევდისა.
ძვირფასო ხენო, საყვარელო ბუხრებო,
ჩემს უბანს ჩრდილს და ღრუბლებს რომ აძლევთ:
(სიმღერა)
ჩემმა ტკივილმა იმავ ფესვებზე, აღმოაცენა
ახალი ტკივილი -ჯვარი..
(რეჩიტატივი):
მოხდა ყველაფერი, გეცოდინებათ… ვგლოვობ საკუთარ მოგონებების გამო,
ახლა მე თქვენ გწერთ-
მხრებზე შეფენილ სინაზით, აღსავსე იმ ერთი, ცუდი სიტყვით,
რომელიც არ ვიცი, თუ როგორ ითქმის,
ისევ გამოანათა მზემ, ჩემი შიში რომ ჩაქოლოს,
თავის საუზმის ტკბილ ნამცეცებით,
მსგავსად იმ კაცის, უსირცხვილობის სისხლიან სახეს
ოცი გროშის ფასად, სამ ბურთს რომ ესვრის..
(სიმღერა)
და ხალხმა ცხოვრება განგრძო;
დღიურ გასამრჯელო ედემს დაიტევს!
სილაჟვარდეზე შეშლილ ღმერთს,
ოხრად აქვს სინათლე,
ჩიტებისა და პურის საზელად.
და თუკი იგი, კიდევ ერთხელ მიმიხურავს ფანჯარას,
ჩემგან დაღლილი თვალნი
სამჯერ გადატრიალდებიან და დაელმებულნი,
მიაშურებენ დენთისა და ალკოჰოლის თოჯინების თეატრს.
შემდეგ, უბანში ასე იტყვიან:
„მისი მახსოვრობა კვლავ შავ დღეშია!“
(რეჩიტატივი):
ძვირფასო ხენო და საყვარელო ბუხრებო:
როგორც კვამლს და ფოთლებს, უკვე ჩაკარგულს,
ჩემს სახელს გაიგებენ ცოცხალი კვდომის ჩრდილში,
როცა პირველად და უკანასკნელად, ქარი-
სამხრეთის ასთმა, ამინის გემო, გაძევებული მაჩო,
დაუკრავს თავის ტანგოს, ბუენოს-აირესში!
(რეჩიტატივი და სიმღერა)
მეტი არაფერი. „ნახვამდის“ არაა:
ჩვენ ხომ „ნახვამდის“ თავიდან გვტკიოდა, არა დასასრულს.
(რეჩიტატივი)
და სურნელოვან აივანზე, შესძინეთ ჩემს ხმას
ორი ნიშანი ჭვარტლიანი, ნიშნად გლოვისა.
მარიას აჩრდილი.
სცენა N12
ანალიტიკოსების[68] არია
ანალიტიკოსების გუნდი (რეჩიტატივი)
მოდით და ნახეთ, ბატონებო!
ჯერეთ გაუგონარი ამბავნი,
ამ ბუენოსაირესული ცირკისთვის
ანალიტიკოსებს რომ მოგვაქვს!
მოდით და ნახეთ!
ჟონგლირება მშვენიერ სინდისის ქენჯნის,
რომელიც თავის ტრაგიკულ ცდას,
დამამშვიდებლის შვიდმაგი დოზით ცდილობს..
პირველი ანალიტიკოსი:
ბუენოს-აირესო, ბუენოს-აირესო,
სიზმრები შენი მზის გულს გაფინე,
სიზმრებს ხომ ბასრი წვეტები აქვთ,
რატაპლან და რატაპლონ![69]
ანალიტიკოსების გუნდი (რეჩიტატივი)
მოდით და ნახეთ! როგორ გადაეწნა
სიცოცხლე უღიმღამო სევდას,
და როგორ ყლაპავს მგზნებარე ტანჯვას
„მე” – რადგანაც ასე მოეპრიანა!
აი აქაა, სალტო ჰაერშიიმ ბრაზის, რომელსაც ფეხსაცმელებში,ნიღაბებს მიღმა, კოშმარების გუგუნი აუტეხავს!
პირველი ანალიტიკოსი (მღერის):
ბუენოს-აირესო, ბუენოს-აირესო,
სიზმრები შენი მზის გულს გაფინე,
მათ ხომ ბასრი პირები აქვთ,
რატაპლენ და რატაპლონ!
ანალიტიკოსების გუნდი (რეჩიტატივი) მოდით და ნახეთ! როგორ მიეცასაგიტალურ სიბრტყეზე[70]მახსოვრობა დიდად გაწაფული-ორმაგად სასიკვდილო დავიწყებას! მოდით და ნახეთ! წინ მოიწიეთ! დიდი ხნის წინანდელ დანაშაულის გრძნობით,როგორ ნელ-ნელა აბზრიალებს არენაზეაჩრდილი ბურთს!
პირველი ანალიტიკოსი (მღერის)
ბუენოს-აირესო, ბუენოს-აირესო,
სიზმრები შენი მზის გულს გაფინე,
ეს სიზმარი ხომ მარიასია
რატაპლინ და რატაპლონ!
ანალიტიკოსების გუნდი (რეჩიტატივი): კამერა ერთი: მოგონებისკენ!კამერა ორი: ქვეცნობიერი!მოაწყვეთ სცენა წყვდიადის ტრაპეციებით[71]რადგანაც შავ მოგონებებში შემოსილიგოგონა სალტოს გააკეთებს.და პირველი ანალიტიკოსიმისგან მოითხოვს ოთხ პირუეტს![72]
პირველი ანალიტიკოსი (უმღერის მარიას)
დახუჭე თვალები, მარია
შენმა თვალებმა რომ დაიტიონ
პატარა ეზო და სიმღერა
ამ ეზოში რომ გაჟღერდება.
(რეჩიტატივი)
ეს დედაშენის ქვითინია?
მარიას აჩრდილი (მღერის):
არ მესმის იგი. დედაზე ამბობენ, რომ
მას წელზე ერტყა ცარიელ სკამის[73]
დიდი მგრძნობიარობა,
და რომ ჭუჭყიან ვარსკვლავებს გარედან რეცხავდა,
მაგრამ არასდროს ტიროდა;
ამას ამბობენ ისინი, მას რომ იცნობდნენ.
პარასკევ იყო – არა წითელი –
და მე, ეს ძლივსღა მახსოვს.
პირველი ანალიტიკოსი (მღერის):
მოხსენი თავი, შენს სიზმრებს, მარია,
დაე, ამ სიზმრებში იყოს
მჭედელი და ორი ხელი,
სამჭედლო, სადაც გამოცხვება პური.
(რეჩიტატივი)
მამაშენის ხელებია?
მარიას აჩრდილი: (რეჩიტატივი)
არ ვიცი. მაგრამ ის ახსოვთ, კრეპსს[74] თამაშობდა ორი საჭრეთლით,
ზედ შემხმარ სისხლით და იმდენჯერ აგებდა, რამდენჯერაც მოისურვებდა.
ამას ისინი იფიცებიან, ადრე რომ უგებდნენ,
სასაცილო შვიდიანებით და თერთმეტიანებით.
ეს იყო ფერფლისფერ ოთხშაბათს[75],
და ძლივსღა მახსოვს.
პირველი ანალიტიკოსი (მღერის):
დახუჭე თვალები, მარია,
და ამ ორ თვალში დაინახავ
შეკივლებას და ავბედით კოცნას,
ამ შეკივლებას რომ შეერევა.
ესაა შენი პირველი კოცნა?
მარიას აჩრდილი:
აბა, რა ვიცი. მაგრამ ამბობენ, რომ ის იტევდა იმხელა დარდს,
რამდენსაც იესო, რომელსაც ხე არ ჰქონდა და ჯვარი ზურგზე მიიხატა.
და რომ ის კოცნა, მეორე დღეს, ორივე ტუჩზე პატარა,
ალუბლისფერ მარცხად აღიბეჭდა.
ამაზე დუმან ისინი, კოცნის შესახებ რომ იციან და მისით ჯერ კიდევ ტკბებიან[76].
მე მაშინ ვარდი ვიყავ,და ძლივსღა მახსოვს.
პირველი ანალიტიკოსი: (მღერის)
მოხსენი თავი, შენს სიზმრებს, მარია,
ამგვარად შენი სიზმრები დაიტევენ ვისკის და ორ ჩალისფერ[77] ვარდნასსიღრმეში რომ ისმის. ეს გულია, ვიღაცას რომ უხმობს? მარიას აჩრდილი ძნელად იქნება ასე. ამბობენ, რომ ჩემი ოთხად გაყოფილი გულიმოპარული ბილიარდის ოთხ ლუზაში[78] ჩაუმარხავთ. ეს გული, ახლა რომ მაქვს მორგებული,იმ გულების გამყიდველისგან შევიძინე, რომელსაც მეორადი გულების მაღაზია აქვს ბინძური პეიზაჟის შუაგულში; და ჰყიდდა იგი ნაღვლიან პატარა გულებს ფრანგულ ბანქოდან, კურდღლებიანს, ზანტი მეზღვაურის ტატუიანს, იავნანის რიტმიანს და არტიშოკიანს. მე ისეთი გული დამადეს, ნიმუშად რომ გამოეფინათ, რომ არ შეგებრალება ისეთი -ამოჭრილი ბანდონეონისტის წინსაფრიდან;ქალმა ეს გული მუცელს[79] დამაქარგა კალის ნემსით და წაბლისფერ-კვამლისფერ ძაფით; მითხრა რომ ასე შეეფერებოდა იმას, ვინც მე ვარ -მარიას აჩრდილს- რომელიც ოდენ აჩრდილად დარჩება, სამუდამოდ, ქალწულ აჩრდილად. ამას ამბობდა და თან კერავდა,თუმც, აწ უკვე ბუნდოვნად მახსოვს!
პირველი ანალიტიკოსი: (მღერის)
მუჭა მარილით, მკერდი დამალე, მარია, რადგან შიგნიდან არარა იყურება და ეს არარა დაგიტირებს შენ! მარიას აჩრდილი: (მღერის) გუშინწინდელ დღის უსაშველო ნაცრისფერიდან,სხვა არაფერი მახსოვს – მხოლოდ ის სასტიკი მისტერია,რომ მიყვიროდა: იშვი!და როცა ვცოცხლდებოდი, მას გაეღიმა, და რომ მიხილა საბოლოდ ქმნილი ასეთად -ასე ჩემეული;ტუჩების კვნეტით დაიყვირა: მოკვდი! სცენა N 14 ნამთვრალევ, პოეტ დუენდეს რომანსი ელ დუენდე (რეჩიტატივი): აქ, ამ ჯადოსნურ, თილისმასავით ბარში,ყველაფერი იციან თითქმის! .. და გიამბობენ აზარტულ თამაშებში, ვალეტები და მეფეები – განგსტერულ მუცლით მეზღაპრენი,იმ ამბებზე, ბედისწერა ბანქოს დასტაში რომ აწრთობს… აქ, თითოეულ ჭიქის ძირს მიკრული, ჩვენ შემოგვყურებს სიშლეგის წყნარი, გახელილ თვალი,შეკერილი რომელიღაც დისეპოლინის[80] – ეშმას ნაბიჯების ხილვა რომ სურდა,გულისწყრომის წვრილი ძაფისაგან. სამი მთვრალი მარიონეტის ხმა (რეჩიტატივი): ამ ბოკალით, რითაც დუენდე სევდისაგან სასმელს დაწაფებია,ჩვენ, სამი მარიონეტი, ჭიქებს ვაჭახუნებთ. ელ დუენდე (რეჩიტატივი): აქ – სადაც დილას დაჰკრავს გემო წარსულისღმერთის ძებნაში, თრთოლვით ვიხილე-რომ იგი იყო მასში, რაც მიყვარს, რაც მენატრებადაჭრილი ისე, როგორც ზომაა იმ მარცვლის,ზაფხულს რომ გამცნობს. აქ, ყოველი ბოთლი იტევს მდინარეს,და ამ მდინარის სიღრმეში არის სხვა ბარიც, და მასში არის ჩემი ერთი ნამთვრალევ ლექსი, სხვა მდინარის ვერცხლისფერ სევდა,რომელმაც ათას წლის წინ, დუენდედ მაქცია… სამი მთვრალი მარიონეტის ხმა (რეჩიტატივი) დუენდეს – რომელიც ოპერეტაშიამბავს ჰყვებოდა,აჩრდილი დაჰკარგვია, და იგი მთვრალი – კვლავ მას მოუხმობს. ელ დუენდე (რეჩიტატივი) მე კი – შენთვის ნამღერს, გიგზავნიამოღამებულ ტანგოს იმ ნაწილს, შენს ნაღველის მიღმა,ნაბიჯთა მწარე ფერფლში,რომ გამოუხმობს რისხვას სიყვარულისასიმღერა-თანამგზავრში. და ჩემგან, შენ – სადაც გაიგებ, იქ მოგაკითხავსორი ათასი ქერა ქალი, მაწანწალა თუ ჯიბგირირათა შენს აჩრდილს დააყაროს ვარსკვლავთა მუჭა(ოლივარის[81] ძვლებმა კი იციან მათ შესახებ!) სამი მთვრალი მარიონეტის ხმა (რეჩიტატივი) საბრალო დუენდე! სასოწარკვეთილი დაეძებსიმ პატარა აჩრდილს:ჩვენ კი გვთხოვს – მის მეგობრებს, რომ ქალამდე მივიტანოთ მისი ქვითინი! ელ დუენდე: ჩემგან – სადაც არ უნდა იყო, შლეგური ძალით,ვითაცა ჰიმნი უჩვეულო, ღრმა აკორდებად გაიჟღერებს მდარე კონცერტი,რომელშიც უსინათლო მოხუცი სათუო სტრადივარიუსისბნელ ტერციას იმღერებს შენთვის!
ჩემგან – სადაც არ უნდა იყო –
ტკბილ შაბაშს შევკრებ პატარა ავსულებისა,
შენი კანის ნისლს რომ გაფანტავენ;
და დატუსაღებულ ნაზარეველთა ტავერნულ ჭორით
შენს გამოცხადებას აუწყებენ უკუღმა ნათქვამ სიტყვებით[82]
სამი მთვრალი მარიონეტის ხმა (რეჩიტატივი) ყველანი წავალთ, დონ დუენდე,ამ დუქნის ყველა წევრი, რათა მივართვათ პატარა გოგოს,თქვენი სახელით – პატარა სასწაული! ელ დუენდე (რეჩიტატივი) როგორც კი ისევ დაიბადები, შეიტყობ მახეს, რასაც აგებს მატე თავის გოგრაში[83];ნახავ ცის ნაფლეთს, ფეხსაცმლის ნახვრეტში რომ ჩანს;წვიმას, რომელიც არ მოდის, ამ წვიმის ერთ ყლუპს, და დროს – თავის დროის ჭურჭელში… და ასე მარია! ასე, მარია! ასე! ყოველ „მიყვარხარს“ შეეგებება შენი შუქისგანატეხილი ცხრა მთვარე,სიცილ-კისკისში და შობაში გაგრძელდება მთელი ღამის ცეკვა. სამი მთვრალი მარიონეტის ხმა (რეჩიტატივი) აი მოვდივართ, მარიას აჩრდილო,დეკემბერთან და სიმღერებთან ერთად,რომელთაც შენთვის ზელს დუენდეამ დუქნის მტვრით. ელ დუენდე (რეჩიტატივი) და ასე, მერვედი ნოტის მდუმარებაში,როგორც იქნება – მოვა შენი დღე:წაბლისფერ კვირა – რომელიც სურნელოვანი დაფნის უმახინჯეს ფოთლებისგან – დაწნისთაიგულების ხვიარას და ანგელოზურ მშვენიერებას; შენი დღე – დაიბადება ზღურბლის გაცვეთილ მერიდიანიდან, სადაც ვიღაც პოეტი პირიქით აცხობს მესას თავისას;ასე იქნება საყვარელო, ქრისტიანულად,დე, ასე იყოს, შენებურად და ჩვენებურად,დე, ასე მოხდეს! სცენა 15 Allegro Tangabile (ინსტრუმენტალი) სამი მთვრალი მარიონეტი, მეგობრებთან ერთად ჯადოსნურ ბარს ტოვებს, რათა დუენდეს სახელით მარიას აჩრდილთან მუცლადღების სასწაული მიიტანოს; მარიონეტების, თიხის ანგელოზების, კაპელანების, ქუჩის მუსიკოსების და პოეტების გუნდის სიმფონია შეშლილივით დაეხეტება ბუენოს-აირესის ქუჩებში, ეძებს რა თესლს მარიას აჩრდილის შვილისა; სცენა 16 მილონგა გამოცხადებისა[84] მარიას აჩრდილი (მღერის) სამი მარიონეტი-ფეხებდაგრეხილი და შეშლილი,კბილებში გარჭობილ დანით;გუშინ პირში იას რომ მჩრიდა,ჩემს ხალებიან თეძოებს უკან,კერავს კამის და სიზალის ყვავილების დიდ ქსოვილს..ვაი.. გალეული და წელშემორტყმული,ჯაჭვების თრევით, ხმაურით მომდევს იესო; კვარტით[85] მის ხმაში, იგრძობა ტლანქი კანიენგიტო,ჯვრის წვერის რიტმი;და სამხრეთის ჯვრის ტკბილი, თიხისებრ ლაფი,რომელმაც დღეს ამათრთოლა.. და ტერაკოტის პატარა ანგელოზმა, დაჩეხილ პარაპეტის გატეხილ ქვრივობაშიგაურკვეველი ფსალმუნის ბურტყუნით,ჟასმინთან ერთად, ლიფზე დამაკრა მზე რძისგან,ისე რომ შუქის ორჯერ გაკრთომაჩემს კანში აღწევს! მიდი მარია!თუკი ცხრაჯერ დატირება -ის იდუმალი მისტერიაა, რომელიც უნდა გენახა,რა გიჟური იქნება მცდელობა შენი როგორი მტკიცე, ლურჯი ტოტი ატკაცუნდება შენთვის,მიდი, ეს – ესაა უნდა გათავდეს!მიდი, რადგანაც ასე მტკივნეულია!ვაი! ყელზე დამადგაიმდენი სინაზე,რომ ცოტაოდენ სინაზით, თვით ღმერთიც კი შემიძლია ვშვა! და თუ არავის არ სურს ჩემგან რომ იშვას,ვინმე ჩაპლინისგან მოპარულ თავშალში,ჩემს მკლავებს შორის, ჩექმას გამოვათრობ! სცენა 17 TANGUS DEI ხმა იმ კვირა დღისა: დღეს კვირაა და ამ დღესსხვა კვირა დღეებს შორის,გამოარჩევენ პატარძალი უკვირაოდ[86], და ბოლოსწინა ერთი ლოთი. ელ დუენდე: დღეს კვირა დღეა: დაფნა რძით. კაპუცინელი ბერის ზარის ენა სამჯერ ნარეკი: კონდაკებს მიღმა,მეან ქალთა გაცვეთილი და მხიარული დუნდულები მოტეტებს [87] ფქვავენ. ხმა იმ კვირა დღისა: დღეს კვირა დღეა და ოხრავენ კუდიანები, რადგანაც ტუკოს საწებლიდან თავწამოყოფილიბავშვები და ჯამბაზები მათ მზეს[88] ესვრიან. ელ დუენდე: დღეს კვირაა, დაფნა ტლანქია. კვირადღისებურადირგვლივ დაგორავს მთქნარება. და მთქნარება-მთქნარებაში, გოგოები დგამენ ნაბიჯს კარგი სიავის: რომელიციწვის ბარაქიან ძაფების ქსელში და ჯინსის შარვლებში: მხურვალე დაფნა. ხმა იმ კვირა დღისა: დღეს კვირა დღეა და მგალობელთა გუნდიათას ჭაბუკი კვირა დღისა, თამაშგარედან გვიამბობს რომანსსოთხი-ორი-ოთხ წყობაში[89]. ტალარინების [90] მზელავთა ხმები:
რაღაცა ხდება ტალარინების მზელავთა თავს:
რად გვიკანკალებს ჩვენი მტკიცე ხელები ცომის ზელისას?
სამი ჯადოქარი-კალატოზის ხმა:
რა ჩაამატეთ სასმელებში, რადგანაც ახლა,
პატარ-პატარა ვარსკვლავების ჯგუფი შეკრულა,
იქ, სადაც ადრე ზეითუნის მარცვლები იყო?[91]
ხმა იმ კვირა დღისა: დღეს კვირა დღეა და თვით მეშვიდე ტანგოსაც სძინავსდა უეჭველად, ეს იქნება დღე ყველაზე ძველი პროფესიისა. ელ დუენდე: დღეს კვირა დღეა: დაფნა და იღბალი.რა კარტი გაშალა ასეთი ბუენოს-აირესმა ამ კვირა დღეს, რომ მაღლა, პამპის[92] ქარების სიმაღლეზე, სამი შეშლილიწინასწარმეტყველი ერთად მუშაობს,რათა ახალი სურნელების თაიგული შეკრას: ჰაერის დაფნა? ხმა იმ კვირა დღისა:
დღეს კვირა დღეა, და ასე მითხრეს,
რომ თვით თოჯინა ნაჭრის,
ავტობუსებში რომ ჰკიდია[93]
მეტისმეტად ზემოდან იყურება.
ელ დუენდე:
დღეს კვირა დღეა: დაფნა მირთმეული. რა უცნაური მარცვლები დათესა
ამ კვირა დღემ, რომ ოცდამეათე სართულის სიმაღლეზე,
ხარაჩოების კირისფერ მარტოობაში, ცხრა საოცრებიდან შობილი
აჩრდილი ბობოქრობს:
დაფნა მდედრით!
ხმა იმ კვირა დღისა:
დღეს კვირა დღეა, თითქოს ჩხუბობსო,
კბილის კრაჭუნით, ეს აჩრდილი შიგნიდან
ირეცხება საკუთარ გლოვაში.
ტალარინების [94] მზელავთა ხმები:
მის წელს უფსკრულად შემოჰხვევია,
კვანძი წყვდიადისფერი სარტყლის.
სამი ჯადოქარი-კალატოზის ხმა:
მისი ფრჩხილების ნაკვალევი დასტყობია
მოზელილ ცემენტს.
ელ დუენდე:
რამდენი რამე, სულ თითო-თითოდ
აღმოცენდება მის საკვერცხეებში,
განაყოფიერებული ათასგზის ტკივილით,
შეცდენილი გაწნილი სილით.
ისე ჩანს, თითქოს მისი სახელიც კი
ორსულადაა!
როგორ ცახცახს აუტანია მისი შიგნეულობა,
თითქოსდა შობსო ჯერ უშობელი,
პატარა იესოს სამოცდაათ რეინკარნაციას-
გამოუგლიჯავს მუცლის[95] ძვლებიდან სამოცდაათი სამსჭვალი..
(მარიას აჩრდილი, სადღაც სიღრმეში, საშობაო სიმღერას იწყებს)
ორი მეანი ანგელოზი,
მას პირქვე ამხობს და
რკინის მაშებს იყენებს
მოცემენტებულ აკვანზე.
რა ნათებაა შიგნით!
როგორი შუქი მოჰხვევია წელზე!
რა სუფთაა ჭრილობა –
სადღაც შუაში სიკვდილსა და ორგაზმს შორის
აკიაფებულა მის თეძოზე როგორც
ვარსკვლავთა კანიენგე.
გამაგრდი, მარია: და იბადება,
იბადება ისე ძლიერ, რომ
დავიწყებას მიცემიხარ,
გაგდებს რა მის ხელებში,
თავის ფესვებსა და მრისხანებაში,
გშობს რა თავიდან, ნაწილ-ნაწილ,
სხვა ნაწნავთა ბოლოებიდან,
გაპობილ ტუჩებიდან,
ჟესტებიდან და სურვილიდან,
ხელახლა იშვა თვით გადაღლამდე!
რამდენი შობა გამოიარე,
მრავალი წელი, გულზე დამდგარი!
რა მშვენიერი მოსავალია, მარია,
შობათა მოსავალი, მშობიარობა შენი…
ტალარინების [96] მზელავთა ხმები:
არ აბადია არაფერი ახალშობილს, არ აქვს აკვანი.
სამი ჯადოქარი-კალატოზის ხმა:
მამამისი ხომ დურგალია, გამოთალოს ერთი აკვანი[97].
ხმა იმ კვირა დღისა:
იმ კვირა დღის მწვერვალიდან,
სამმა კალატოზმა – ჯადოქარმა[98]
ბავშვის აკვანთან დატოვა
ვარდისფერი მინიშნება.
სამი ჯადოქარი-კალატოზის ხმა:
და რად წავიდნენ დასალევად,
ქვითინით პატარა ანგელოზები?
ტალარინების მზელავთა ხმები:
რადგანაც იშვა არა ბიჭი, იესო!
არამედ გოგო: და იშვა გოგო!
ხმა იმ კვირა დღისა:
გოგომ შვა სხვა გოგო,
რომელიც თავად ისაა, თუმც არც იმდენად;
მათ სურთ თავი და ბოლო
ერთი და იმავე მოთქმის ნაწილი იყოს;
მაყურებელთა ხმები:
ღვთის გულისათვის! მაყურებლებსაც გვინდა ვიცოდეთ,
უკვე დაწერეთ ამ ტანგოს სიტყვები თუ აწ იწერება!
ხმა იმ კვირა დღისა:
გოგონას თვალებში
დრო გვარიანად მოუპარავთ:
გუშინ თუ დღეს,
იგი მარიად მოუნათლავთ.
ელ დუენდე
მაგრამ ის ხალხი, მოუხეშავი ოსტატნი ჩემი სევდისა,
მათი სახელის შესაფერად, მკლავთა უხმოდ აკაპიწება რომ უწყიან,
თავისებურად, ასე ზანტად, ასე დინჯად, ქცეულან მისტერიებად
როცა დუქნებში ოთახს ავსებს დარდიანი კანინგეს ცეკვა – და მოუხმობენ ისინი ძველი ტანგოს მოგონებების აჩრდილს, იმ ტანგოების, რომელიც იყო, მაგრამ ჯერ არ არსებობს.
ხმა იმ კვირა დღისა:
ჩვენი მარია ბუენოს-აირესიდან..
დუენდე /რეჩიტატივი/
მივიწყებულ ხარ სხვა ქალებს შორის..
ხმა იმ კვირა დღისა (მღერის)
ჩვენი მარია ბუენოს-აირესიდან..
დუენდე /რეჩიტატივი/
მომასწავებელ ნიშანი ხარ სხვა ქალებს შორის..
ხმა იმ კვირა დღისა:
ჩვენი მარია ..
დუენდე /რეჩიტატივი/
მივიწყებულ ხარ სხვა ქალებს შორის..
ხმა იმ კვირა დღისა
ჩვენი მარია ..
დუენდე /რეჩიტატივი/
მომასწავებელ ნიშანი ხარ სხვა ქალებს შორის..
ხმა იმ კვირა დღისა (მღერის)
მარია…
დასასრული
ესპანურიდან თარგმანი: ნინო ფიფიასი
ლუნფარდოს განმარტება: მიგელ ფრიასი (მუსიკოსი)
[1] შენიშვნა: დუენდე მართალია მაგიური ქმნილებაა, დემონი, თუმცა, ესპანურენოვან ხალხთა ფოლკლორში დიდად უარყოფით პერსონაჟს არ წარმოადგენს.
[2] ლუნფარდოზე, ანუ ბუენოსაირესულ ჟარგონზე, „ბეღურა“ არის ცუდი, ცბიერი ტიპი;
[3] ციტირება: გუდრუმ მაურერი
[4] ტანგოს დასაწყისი
[5] მინიშნება მარიას დაბადების შემდგომ ნათლობასა და დალოცვაზე
[6] ხანგრძლივი, ამოსუნთქვის გარეშე აღებული ნოტი ტანგოში.
[7] ბურდონი – ზოგადად, ორღანის ბასის რეგისტრი, არგენტინაში, გიტარაზე აღებული დაბალი აკორდი.
[8] ალუზია ქრისტეს ხელებზე ჩარჭობილ ლურსმნებთან
[9] იგულისმხება სანტა ფეს გამზირი ბუენოს-აირესში. მზის ამოსვლისას, პირველი სხივები სწორედ ამ გამზირს ეფინება
[10] არგენტინაში არსებობს გამოთქმა quedarse rengo (პირდაპ. თარგმანში, „კოჭლად დარჩენა“), გადატანითი მნიშვნელობით, უარაფროდ დარჩენა, ნაკლოვანად ყოფნა. ეს ბალადაც კოჭლია, ანუ ნაკლოვანი, რადგან აქ ბალადა გაიგივებულია იმ დროის ტანგოსთან, როცა ეს უკანასკნელი ევროპული ვალსის გავლენით, დეფექტიანი, ნაკლოვანი გახდა;
[11] პიადორი – არგენტინასა და ურუგვაიში: პაიადას მომღერლი. პაიადა ჟანრია, რომელიც ძირითადად, მოიაზრებს ფოლკლორული, უფრორე გაუჩესკური მუსიკის სახელდახელოდ შეთხზვას.
[12] შუა საუკუნეებში, რელიგიური დრამა. თავიდან მისტერია ეკლესიებში იდგმებოდა, შემდეგი კი ქუჩის მსახიობების და მუსიკოსების მონაწილეობით, მის ფარგლებს გასცდა – გადაინაცვლა რა ქალაქებსა და ქუჩებში
[13] გარნაჩა – ყურძნის სახეობა და შესაბამისად ღვინოც. ესაა მდარე ხარისხის ღვინო, დაბალი სოციალური ფენის ხალხისთვის
[14] იგულისხმება მარია
[15] სცენა აღწერს მარიას უბანს და იმ დროის ბუენოს-აირესს, რომლისთვისაც ორგანული იყო ფეხბურთი და შეძახილები „გოოოლ!“
[16] ალუზია ჯვარზე გაკრულ ქრისტესა და სამ სამსჭვალზე
[17] იგულისხმება, რომ მარია თავიდანვე ძლიერი ხასიათის მქონე იყო
[18] შუა საუკუნეებში, რელიგიური დრამა. თავიდან მისტერია ეკლესიებში იდგმებოდა, შემდეგი კი ქუჩის მსახიობების და მუსიკოსების მონაწილეობით, მის ფარგლებს გასცდა – გადაინაცვლა რა ქალაქებსა და ქუჩებში
[19] იგულისხმება ანგელოზთა მიერ, მარიასთვის აშენებული სახლის უკანასკნელი კედელი; ზოგიერთი სპეციალისტის მოსაზრებით, ანგელოზთა მიერ მისთვის სახლის შენება პირდაპირ არ უნდა გავიგოთ; მარია, რომელშიც ბევრი რამ დუალურია, თან ანგელოზური ფრთის ქვეშ გაიზრდა, თან არის ბუენოს-აირესის ყველაზე მარგინალური უბნების წიაღში გაზრდილი ქალი;
[20] მინიშნება მარიას მუქი ფერის კანზე (მარია მულატია) და დაბალ სოციალურ წარმომავლობაზე
[21] ხანგრძლივი მუსიკალური აკომპანიმენტი ტანგოში
[22] სწრაფი, მხიარული რიტმების მუსიკა, რომელიც ტანგოს ჰგავს, თუმცა მათ შორის სხვაობაა;
[23] შუა საუკუნეებში, რელიგიური დრამა. თავიდან მისტერია ეკლესიებში იდგმებოდა, შემდეგი კი ქუჩის მსახიობების და მუსიკოსების მონაწილეობით, მის ფარგლებს გასცდა – გადაინაცვლა რა ქალაქებსა და ქუჩებში
[24] სცენას გადავყავართ ბუენოსაირესულ კრიმინალურ უბანში: ბანქოთი, სუიციდით და ა.შ. ასეთ გარემოში იზრდებოდა მარია
[25] გულისხმობს იმას, რომ მარია ბავშვობიდანვე განწირული იყო მარტოობისთვის
[26] მარია მეძავია, ესაა ერთი მხრივ გზა უფსკრულის, მეორე მხრივ კი ლუკმა-პურის შოვნისა;
[27] პარალელი ჰარპიებთან ბერძნული მითოლოგიიდან
[28] მარიას მძიმე ცხოვრება თავად ჯვარია, ტვირთივით სატარებელი
[29] კანინგე – მილონგას ქუჩური სახეობა, რომელიც სრულიად უპირისპირდება კლასიკურ, ე.წ. სალონურ ტანგოს
[30] მთელი ეს სცენა გულისხმობს დაბალი ფენების წარმომადგენლების, ხშირად ფიზიკურ გარჯაში მყოფი ხალხის მიერ დარდის ტანგოში განქარვებას.
[31] იგულისხმება ქალაქის გარეუბნები, მოუწყობელი დასახლებები
[32] მარიას თავის ათი მცნება აქვს, რიცხვი 10 აქ ბიბლიური პარალელია
[33] ჩე- შორისდებული, რომელსაც არგენტინაში გაოცებისა და აღფრთოვანების გამოსახატად იყენებენ. ამ ფორმით მიმართავენ ახლო მეგობრებსაც
[34] მინიშნება დროის წრიულობაზე
[35] იგულისხმება ევარისტო კარიეგო- არგენტინელი პოეტი, ტანგოს ცნობილი ტექსტების ავტორი; კარიეგო ძირითადად ბუენოს-აირესის გარეუბნებსა და სოფლად ყოფაზე წერდა
[36] მარიასთან, თავად კუდიანთან, კატის ხსენება პირდაპირ არ უნდა გავიგოთ; მარიაც გრძნეულია, ცბიერ კატაზე ამხედრებული ალქაჯი
[37] მარია მულატია
[38] რიცხვი 70 ბევრჯერ გვხვდება ტექსტში, როგორც სიმბოლო სრულყოფილების და სისავსის; ზოგი მოსაზრებით, პარალელია ქრისტეს 70 მოციქულთან, მთელს მსოფლიოში რომ გაიფანტნენ საქადაგოდ
[39] ბუნდოვანია, როგორ კვდება მარია, დანით თუ გასროლით, თუმცა, რაც უტყუარია, იგი იმ ხალხმა მოკლა, ვისაც მისი მისაკუთრება სურდა და ვერ შეძლო.
[40] მანდრაგორას ფესვებს ღია ჩალისფერი დაჰკრავს
[41] 13 რიცხვი არაა შემთხვევითი, ესაა ღალატის, იუდას რიცხვი;
[42] ორიგინალში, ამ მონაკვეთს ჰქვია „Fuga y Misterio¨ რაც სიტყვათა თამაშია, რადგან „fuga¨ესპანურად (ისევე როგორც ლათინურად) ნიშნავს როგორც „გაქცევას“, „მიმალვას“, ასევე მუსიკალურ ფუგას. ეს სცენა კლასიკური ფუგაა, შესრულებული 4 ხმაში.
[43] სათაური მინიშნებას მალავს იმ ფაქტზე, რომ ტანგომ, როგორც წმინდად კრეოლურმა ჟანრმა, მოგვიანებით ევროპული ვალსის გავლენით, ავთენტურობა დაკარგა
[44] არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ კლასიკური ტანგო და მილონგა იშვა ქალაქის ღარიბულ უბნებში, ანუ სამხრეთით. ქალაქის ჩრდილოეთში ცხოვრობდა ბურჟუაზია, მაღალი საზოგადოება, რომლისთვისაც ტანგო უცხო და მიუღებელი იყო
[45] მაკუმბა – ბრაზილიაში, არგენტინაში, პარაგვაიში და ურუგვაიში მცხოვრებ აფროამერიკელთა რელიგიის და რწმენა -წარმოდგენების შესაბამისად გამართული რიტუალი. ხშირად აიგივებდნენ შავ მაგიასთან, ვუდუს ხელოვნებასთან.
[46] ბანდონეონის გაშლა-შეკვრისას, მისი ნაკეცები ისე ეხება ერთმანეთს, თითქოს კოცნააო (მეტაფორ.)
[47] მიმართულება ჯაზში, საკმაოდ პოპულარული არგენტინაშიც.
[48] ანტიფონია – საგალობლის შესრულება ორი გუნდის მიერ იმგვარად, რომ ერთმა მეორეს უპასუხოს.
[49] ლათ. „უფალო, შემიწყალე!“ 51-ე ფსალმუნი; ასევე ნიშნავს ვედრებას;
[50] ნეონის პირველი სანათები 1910 წელს გამოიგონეს, ბუენოს-აირესის ქუჩებში წინა საუკუნის ნახევარში უკვე შეხვდებოდით ნეონისგან დამზადებულ ქუჩის ტრაფარეტებს თუ სანათებს
[51] რძიანი ყავის სახეობა, სადაც მეტი წილი ყავაა, ვიდრე რძე
[52] არლეკინები, ჯამბაზები ტანგოს ბარებში ხშირად იყრიდნენ თავს
[53] მინიშნება სუიციდზე
[54] მინიშნება ნარკოტიკულ, ფხვიერ საშუალებაზე
[55] კრეპი – აქ გულისხმობს სამგლოვიარო ლენტს
[56] მინიშნება გასული საუკუნის დამდეგზე, როცა არგენტინა უმდიდრესი ქვეყანა იყო და მას უამრავმა იტალიელმა, ევროპელმა თუ სხვა ეროვნების უცხოელმა (ძირითადად დაბალი სოციალური ფენებიდან) მიაშურა ლუკმა-პურის ძიებაში, თან ჩამოიყოლა რა ათასგვარი რწმენა-ჩვეულებანი თუ ტრადიციები
[57] თაფლის და სხვადასხვა მარცვლეულების შერევით დამზადებული ტკბილეული,
[58] მინიშნება მაღალი საზოგადოების ფარისევლობაზე;
[59] მუსიკალური საკრავი
[60] სიტყვათა თამაშია, იგულისხმება მუსიკალური გასაღები
[61] მილონგა როგორც წესი, მხიარულია, რადგან ეს თავი გლოვის ამბავზეა, ამიტომაა „კონტრა“-მილონგა
[62] იგივეა, რაც პოლიმერი
[63] პერკალი – თხელი ბამბის ქსოვილი, ტილოსებურად ნაქსოვი
[64] ოპერეტის გამოსვლისთვის, ჯგუფ „ბითლზების“ ალბომი Magical Mystery Tour ახალი გამოსულია, მან როგორც მუსიკალურმა მოვლენამ, თავის დროზე, ბუენოს-აირესიც მოიცვა
[65] ორიგინალში გამოყენებულია სიტყვა Catamufas; ორი სიტყვის, „კატაკომბისა“ და „თარსის“ ერთგვარი ნაზავი (ცხადია, ეს სიტყვა ასე განყენებულად, ესპანურში არ არსებობს)
[66] ტანგატა – ტანგოს სახეობა, უფრო ხშირად, ჩქარი მელოდია
[67] ლათ. „ჯვრის გზა“ – გადატანითი მნიშვნელობით, ვინმეს მტკივნეული გზა რისამე სწრაფვისას, ან მიზნის მიღწევისას
[68] იგულისხმებიან ფსიქოანალიტიკოსები (ექიმები), რომლებმაც უნდა განსაზღვრონ მარიას აჩრდილის მეხსიერების დაკარგვის მიზეზი
[69] სიტყვები, რომლებიც დოლზე დარტყმის ხმის საიმიტაციოდ გამოყენება.
[70] (მედიცინაში) წარმოსახვითი სიბრტყე, რომელიც გაივლის ვერტიკალურად სხეულის შუა ხაზზე, წინა-უკანა მიმართულებით და სხეულს ყოფს მარჯვენა და მარცხენა ნახევრებად.
[71] იგულისხმება ტრაპეცია: ლითონის ჰორიზონტალური ღერძი, ვერტიკალურ ლატანებზე მაღლა დაკიდებული (საჰაერო აკრობატიკაში)
[72] ცეკვაში: ცალი ფეხის თითის წვერებზე სრული შემოტრიალება
[73] მარიას დედაც მეძავია. ცარიელ სკამთან შედარებით (ჟარგონზე), იგულისხმება რომ მასაც, თავისუფალი სკამივით, ზემოდან ასხდებოდნენ მამაკაცები;
[74] (კამათლები) – ერთ–ერთი ყველაზე ძველი აზარტული თამაში, რომელიც ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და რომში იყო ცნობილი. ხელსაყრელი სვლისთვის, საჭიროა შვიდიანის ან თერთმეტიანის დასმა კამათლით
[75] ანგლიკანური და ლუთერანული საეკლესიო კალენდრის თანახმად, დიდმარხვის (45 დღიანი, ვიდრე აღდგომას გახსნილდება) პირველი დღე.
[76] მთელი ეს მონაკვეთი პარალელია იუდას ამბორთან
[77] იგულისხმება ყინულის ნატეხების ვისკიში ჩაგდება
[78] ბილიარდის მაგიდის კიდეზე გაკეთებული ჭრილი, რომლის ქვეშაც მიმაგრებულია ბადე ბურთის ჩასაგდებად
[79] „მუცელზე“ და არა გულზე, რადგან მარია მეძავია, ცოდვილი, რომლის გულიც ქვევით, მენჯებთან ფეთქავს
[80] არგენტინელი კომპოზიტორის, მუსიკოსისა და დრამატურგის, ენრიკე სანტოს დისეპოლოს სასცენო სახელი.
[81] იგულისხმება არგენტინელი პოეტი და მწერალი ნიკოლას ოლივარი. წერდა ტანგოს
[82] ლუნფარდო, ანუ ბუენოსაირესელთა ჟარგონული საუბრის სტილი გულისხმობს სიტყვებში მარცვლების გადაადგილებას (უკუღმა დაწყობას)
[83] არგენტინულ ეროვნულ სასმელს, მატეს (წააგავს მწვანე ჩაის), მეტწილად გოგრისგან გაკეთებული ჭურჭლით სვამენ
[84] იგულისხმება ბიბლიური გამოცხადება, ხარება
[85] იგულისხმება მუსიკალური ინტერვალი
[86] კვირა დღეს, მარტოხელები ეკლესიაში სალოცავად დადიოდნენ, უფლისთვის ოჯახური ბედნიერება რომ ეთხოვათ
[87] მოტეტი – მრავალხმიანი საეკლესიო ვოკალური ნაწარმოები
[88] ალქაჯები ხომ ღამით დათარეშობენ, ამიტომაც ბავშვები, როგორც უმანკო ქმნილებები მათ შუქით აფრთხობენ
[89] ის დროა, როცა არგენტინაში პოპულარული განლაგებაა ფეხბურთში 4 მცველი, 2 ნახევარმცველი, 4 თავმდასხმელი.
[90] ტალარინები – მოგრძო, განიერი ფორმის მქონე მაკარონები
[91] მინიშნება, რომ ამ სცენის მონაწილენი ბანგმორეულნი არიან
[92] ზოგიერთი ვაკე, გაშლილი ადგილის სახელწოდება სამხრეთ ამერიკაში სადაც ძირითადად ბალახეული მცენარეულობა ხარობს. საკუთრივ პამპა ეწოდება ბუნებრივ არეს არგენტინაში ს.გ. 29—30° შორის.
[93] ბუენოსაირესელ მძღოლებს ჩვევად ჰქონდათ ჩვრის თოჯინით ავტობუსის გალამაზება
[94] ტალარინები – მოგრძო, განიერი ფორმის მქონე მაკარონები
[95] გამოყენებულია სიტყვა „მუცელი“, თუმცა იგულისხმება საშვილოსნო და მენჯის ძვლები
[96] ტალარინები – მოგრძო, განიერი ფორმის მქონე მაკარონები
[97] მინიშნება მარიას მამაზე, რომელიც თავს დურგლობით ირჩენდა. ასევე, ალუზია ქრისტესთან
[98] პარალელი ბიბლიურ მოგვთა თაყვანისცემასთან
თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი “ საქართელოს სინფონიეტა”