თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტა“, აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს მიწვევითა და საქართველოს კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის სამინისტროს მხარდაჭერით, მონაწილეობა მიიღო საერთაშორისო მუსიკალურ ფესტივალში – „ბაროკოს მუსიკის დღეები“, რომელიც ბაქოში, 23 აპრილიდან 26 აპრილის ჩათვლით ჩატარდა.
„საქართველოს სინფონიეტას“ კონცერტი 24 აპრილს, აზერბაიჯანის მუსლიმ მაგომაევის სახელობის სახელმწიფო ფილარმონიის დარბაზში გაიმართა.
„საქართველოს სინფონიეტასთან“ ერთად კონცერტში მონაწილეობდნენ აზერბაიჯანელი სოლისტები: ფარიდა მამედოვა (სოპრანო), საბინა ასადოვა (მეცო სოპრანო), ილჰამ ნაზაროვი (კონტრტენორი) და დირიჟორი ეიუბ გულიევი.
კონცერტმა დიდი წარმატებით ჩაიარა და აზერბაიჯანელმა პუბლიკამ მქუხარე ოვაციებით დააჯილდოვა მუსიკოსები.
ეს თანამშრომლობა მნიშვნელოვანი იყო ორივე ქვეყნის შემოქმედებითი ურთიერთობისთვის, რაც ვფიქრობთ მომავალში არაერთი ახალი და საინტერესო პროექტით გაგრძელდება.
ფესტივალის მხარდაჭერისთვის მადლობას ვუხდით აზერბაიჯანის კულტურის სამინისტროს.
მადლობას ვუხდით თანამშრომლობისთვის და წარმატებულ კონცერტს ვულოცავთ ქალბატონებს: ფარიდა მამედოვას და საბინა ასადოვას.
მადლობა თანამშრომლობისთვის მაესტრო ეიუბ გულიევს, რომელთანაც მუშაობა ძალიან კომფორტული იყო და ვიმედოვნებთ კიდევ შევხვდებით.
მოწვევისთვის და მასპინძლობისთვის განსაკუთრებული მადლობა გვინდა გადავუხადოთ ფესტივალის იდეის ავტორსა და მთავარ ორგანიზატორს, ილჰამ ნაზაროვს. მან, როგორც მომღერალმა და ორგანიზატორმა, ფესტივალის წარმატებული ჩატარებისთვის არ დაიშურა ძალა და ენერგია და გვინდა მივულოცოთ პირველი წარმატებული ფესტივალი.
ფესტივალს – „ბაროკოს მუსიკის დღეები“ ვუსურვებთ მრავალწლიან საინტერესო ისტორიას მომავალში!