სიტყვა ბაროკო (Baroque) ფრანგ. – უსწორმასწორო მარგალიტს ნიშნავს. ეს სტილი დაახლოებით 1600 – იან წლებში ჩაისახა სკულპტურაში, ფერწერაში, ლიტერატურასა თუ მუსიკაში და მთელ ევროპას მოედო. მიმდინარეობა მიისწრაფვოდა ხელოვნების სიდიადისა და მისი უფრო ეფექტური, არასაყოფაცხოვრებო ფორმებისკენ. ამ ფენომენის ფორმირებაზე მსოფლიო კულტურის მრავალმა პლასტმა იქონია გავლენა. ევროპაში უკვე ათწლეულებია დიდი პოპულარობით სარგებლობს ძველი მუსიკის მაქსიმალურად მიახლოვებული მანერითა და შესაბამისი ინსტრუმენტებით (ავთენტური) შესრულება. გარდა ესთეტიკური და ეგზოტიკური დატვირთვისა, ასეთი პერფორმანსები ისტორიული კუთხითაც საინტერესოა, მაგლითად, სხვადასხვა ქვეყნის კომპოზიტორთა მუსიკალური ხერხები და თავისებურებები, ასევე გასაოცარია რეპერტუარის სიუხვე და მრავალფეროვნება. თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა “საქართველოს სინფონიეტამ” კულტურისა და ძეგლთა დაცვის სამინისტროს მხარდაჭერით 2015 წელს “თბილისის ბაროკო ფესტივალი” დააფუძნა. „საქართველოს სინფონიეტა“ ძველი მუსიკის ერთადერთი აკადემიური ანსამბლია რეგიონში, რომელსაც უკვე არაერთხელ მიუპყრია მსოფლიოს საუკეთესო საკონცერტო დარბაზების ყურადღება.

საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, თბილისის სახელმწიფო კამერული ორკესტრი „საქართველოს სინფონიეტა“ 2019 წლის 13 ნოემბრიდან 13 დეკემბრის ჩათვლით რიგით მეხუთე „თბილისის ბაროკო ფესტივალს“ გამართავს. ფესტივალის ფარგლებში გაიმართება კონცერტები, წარმოდგენები და შეხვედრები ცნობილ ადამიანებთან.

ტრადიციულად, ფესტივალს სტუმრობენ მსოფლიოში აღიარებული ვარსკვლავები: დავიდე ამადიო (ჩელო, იტალია), სერჯო აცოლინი (ფაგოტი, იტალია), ბალაჟ მატე (ჩელო, უნგრეთი), ჟოზეპ მარია მარტი დურანი (თეორბო, ესპანეთი), დანიელ გარაი მორაგუესი (დასარტყამი საკრავები, ესპანეთი), ანსამბლი Fuoco E Cenere (საფრანგეთი), გ. ალექსიძის სახელობის თბილისის თანამედროვე ბალეტი და სხვა.

ფესტივალის ფარგლებში დაგეგმილია საინტერესო შეხვედრები საქართველოს პარლამენტის ეროვნულ ბიბლიოთეკაში, ხელოვნების სასახლეში, ვახტანგ ჭაბუკიანის მემორიალურ სახლ-მუზეუმში და საქართველოს ეროვნულ გალერეაში, რომელსაც ჩაატარებენ ისეთი სახელოვანი და ცნობილი ადამიანები, როგორებიც არიან: გია ბუღაძე (17 ნოემბერი), მარიამ ალექსიძე (22 ნოემბერი), გიორგი კალანდია (27 ნოემბერი),  თამარ ჩხეიძე (10 დეკემბერი) და გიორგი კეკელიძე (11 დეკემბერი).

საფესტივალო კონცერტები გაიმართება რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე(13, 18, 19 და 26 ნოემბერი. 1, 3, 7 და 13 დეკემბერი) და სამეფო უბნის თეატრში (24, 25 ნოემბერი). დასაწყისი 19:30.

ბილეთები: www.biletebi.ge

ქართული