2015 წელს, საქართველოს განათლების, კულტურისა და სპორტის სამინისტროს მხარდაჭერით, სსიპ თბილისის სახელმწიფო კამერულმა ორკესტრმა – „საქართველოს სინფონიეტამ“ დააარსა „თბილისის ბაროკო ფესტივალი“, რომელიც ყოველწლიურად იმართება. სხვადასხვა დროს ფესტივალს სტუმრობდნენ ბაროკოს ეპოქის მუსიკის საუკეთესო შემსრულებლები, როგორებიც არიან: იორდი სავალი, სერჯიო აზოლინი, ქრისტინე ბუში, ჟან რონდო, დავიდე ამადიო, ორკესტრი „ძველი მუსიკის აკადემია“ და სხვები.
რიგით მეოთხე ფესტივალი 9 ნოემბრიდან 3 დეკემბრის ჩათვლით გაიმართება. ტრადიციულად, ფესტივალის ფარგლებში ასევე შედგება სამეცნიერო და საგანმანათლებლო ლექციები. წელს, განსაკუთრებული წელია ორკესტრისთვის, თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრს, „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წელი შეუსრულდა და ფესტივალზე არაერთ სიახლეს ვპირდებით მსმენელს: 9 ნოემბერს, რუსთაველის თეატრის მცირე სცენაზე, ფესტივალი „საქართველოს სინფონიეტას“ 10 წლის იუბილესადმი მიძღვნილი კონცერტით გაიხსნება, სადაც პირველ განყოფილებაში წარმოდგენილი იქნება დოკუმენტური ფილმი „სინფონიეტა 10“ (რეჟისორი – ნინო ახვლედიანი), ხოლო მეორე განყოფილება ერთგვარი ექსპერიმენტი იქნება: ბაროკოს ეპოქის სხვადასხვა კომპოზიტორთა ცეკვები ევროპული ბაროკოს ინსტრუმენტებით და ქართული ხალხური საკრავებით შესრულდება; 16 ნოემბერს, კორნელია ფონ კერსენბროკის დირიჟორობით და თბილისის გუნდი „ბაროკოს“ შესრულებით საგუნდო მუსიკის კონცერტს შემოგთავაზებთ; 19 ნოემბერს, გერმანელი დირიჟორი და მევიოლინე ქრისტოფ მაიერი წარდგება მსმენელის წინაშე; 22 ნოემბერს, ფესტივალი იტალიურ ანსამბლ ZEFIRO-ს (“ძეფირო“) უმასპინძლებს (დამფუძნებელი და I ჰობოი ალფრედო ბერნარდინი); 25 ნოემბერს, პირველად საქართველოში, ვ.ა.მოცარტის „რეკვიემი“ ავთენტური საკრავებით და უძველესი ინსტრუმენტით – პოზიტივ ორგანით აჟღერდება. ასრულებენ: თბილისის გუნდი „ბაროკო“, „საქართველოს სინფონიეტა“ და მათთან ერთად ორკესტრის შემადგენლობაში წარმოდგენილი იქნებიან ანსამბლ ZEFIRO-ს მუსიკოსები, სოლისტები გახლავთ: მარიამ კუბლაშვილი (სოპრანო), ნუცა ზაქაიძე (მეცო – სოპრანო), გიორგი დავითაძე (ტენორი), გივი გიგინეიშვილი (ბანი).
1, 2 და 3 დეკემბერს, პირველად საქართველოში, „თბილისის ბაროკო ფესტივალის“ დახურვაზე, „საქართველოს სინფონიეტა“ და გ. ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ (სამხატვრო ხელმძღვანელი მ. ალექსიძე) სამეფო უბნის თეატრში წარმოგიდგენთ ქორეოგრაფიული დადგმას „ფოლია“. ეს, ის უნიკალური შემთხვევა იქნება, როცა ქართულ სცენაზე პირველად განხორციელდება ადრეული მუსიკის ავთენტური შესრულებისა და ბალეტის თანამედროვე ქორეოგრაფიის სინთეზი.
ფესტივალში აგრეთვე მონაწილეობენ: მიხეილ აბრამიშვილი (კონტრტენორი), ეტიენ გალეტიე (თეორბო, საფრანგეთი), ფრანჩესკო ოლივერო (თეორბო, იტალია), კახი ჩარგეიშვილი (სალამური), მერაბ სანოძე (დასარტყამი ინსტრუმენტები).
ფესტივალი პარტნიორები არიან: საქართველოს კულტურისა და ძეგლათა დაცვის სამინისტრო; ქალაქ თბილისის მერია; საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია; გერმანიისა და იტალიის საელჩო საქართველოში. ფესტივალი გაიმართება პროექტ “Check in Georgia”-ს მხარდაჭერით.
თბილისის ბაროკო ფესტივალის კონცერტები: 9 / 16 / 19 / 25 ნოემბერს რუსთაველის თეატრის პატარა სცენაზე გაიმართება; ფესტივალის დასკვნითი საღამოები კი, 1 / 2 / 3 დეკემბერს სამეფო უბნის თეატრში შედგება; დასაწყისი 19:30-ზე.

ქართული