9 ნოემბერს გაიხსნა “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2018”. კონცერტი “საქართველოს სინფონიეტას” 10 წლის საიუბილეო თარიღს ეძღვნებოდა და პირველ განყოფილებაში ნაჩვენები იყო ნინო ახვლედიანის დოკუმენტური ფილმი “საქართველოს სინფონიეტა 10”. მეორე განყოფილებაში კი ორკესტრმა წარმოადგინა ექსპერიმენტული პროექტი “ძველებური ცეკვები”, სადაც ერთი სიუიტის სახით იყო შესრულებული სხვადასხვა კომპოზიტორთა ცეკვები. “საქართველოს სინფონიეტასთან” ერთად ამ საღამოს ასევე მონაწილეობდა კახი ჩარგეიშვილი (პიკოლო ფლეიტა, სალამური) და ცნობილი ქართველი დრამერი მერაბ სანოძე (სანო). საცეკვაო მუსიკის გარდა კონცერტზე ასევე შესრულდა ჰენრი პერსელის ორი არია, რომელიც კონტრტენორმა მიხეილ აბრამიშვილმა, უტა ბექაიას კოსტიუმში შემოსილმა შეასრულა და აუდიტორიის დიდი აღფრთოვანებაც დაიმსახურა. ამ საღამომ დიდი ტრიუმფით ჩაიარა, ემოციებით სავსე და აღტაცებული მსმენელი მუსიკოსებს კარგა ხანს არ უშვებდა სცენიდან.

ასეთი ამაღლებული და საზეიმო განწყობით გაიხსნა “თბილისის ბაროკო ფესტივალი 2018”, რომელიც 16 ნოემბერს “გერმანული მუსიკის კონცერტით” გაგრძელდება.

 

ქართული